• სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
  • სატესტო რეჟიმი

ტელეფონი0491 24 44 64

ელ ფოსტა[email protected]

მისამართირუსთაველის ქ. N109

დასახლების საერთო კრება

   ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი


მუხლი 85​2. დასახლების საერთო კრება

1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.

2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“/„ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).

3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ აგრეთვე შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

4. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება.

5. იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება, შეიძლება დაწესდეს საერთო კრების დასახლების ცალკეულ ნაწილებში ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა. საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ კანონის 85​5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

6. იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და, ამ კანონის გათვალისწინებით, განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი.

7. საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.

8. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

9. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.

10. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.