სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული მეორე კორპუსი
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული მეორე კორპუსის შენობა დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირეკონტიგენტიანი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, მოეწყო სკოლის ეზო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
,,საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტია.ზედა საზანოს საჯარო სკოლის ახალი კორპუსი, ყველა მოთხოვნას და სტანსარტს აკმაყოფილებს, ასევე დაცულია ყველა რეკომენდაცია, რაც აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისა და ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის. მოსწავლეები კეთილმოწყობილ, ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში გააგრძელებენ სწავლას და ეს არის უდიდესი ინვესტიცია, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების სწავლისა და განვითარების საქმეშია ჩადებული“.-განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, სოსო გიორგაძის ინიციატივით, აღნიშნულ სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა და მომავალ თაობას წარმატებები უსურვა.
სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თერჯოლაში 3 ახალი სკოლა აშენდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 სკოლას და მიმდინარეობს კიდევ 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
თერჯოლის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა საკლასო ოთახებს, რეაბილიტირდა ავარიული სახურავები,მოეწყო ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.