ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Hot line:(0 491) 24 44 64 -მერია / 555 25 94 10 - საკრებულო

ისტორია

ქალაქ თერჯოლის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის ისტორია, სულ 6 ათეულ წელს ითვლის. გადმოცემის თანახმად ძველად ეს ტერიტორია დაფარული იყო ხშირი ტყის ზოლით, რომელიც „სატურიად” იწოდებოდა. ისტორიულ წყაროებსა და ეტიმოლოგიას თუ დავეყრდნობით, სახელი თერჯოლა თეთრ ბჟოლას (ანუ თუთას) უნდა ნიშნავდეს, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „თუთა სხვათა ენაა, ქართულად ჟოლი ანუ ჟოლა ჰქვიან”. უნდა ვივარაუდოთ, რომ თერჯოლის სახელწოდებაში მცენარის პირვანდელი სახელწოდებაა შემორჩენილი.

თერჯოლის არსებობის ისტორია შორეულ წარსულშია საძიებელი, ამ აზრის დასტურად ისტორიაში კარგად ცნობილი საკაჟიასა (სოფელი გოდოგანი) და საგვარჯილეს (სოფელი ძევრი) გამოქვაბულთა დასახელებაც კმარა. მეცნიერულად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ზემოთ დასახელებული გამოქვაბულები ქვის ხანის ადამიანთა საცხოვრისს წარმოადგენდა. აქ მათი ცხოვრების კვალს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მდიდარი მასალა ადასტურებს. მოკვლეულ არქეულოგიურ მასალებსა და საისტორიო წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ აბორიგენი მოსახლეობა აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდა, ისინი მისდევდნენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას, მებაღეობას, მევენახეობას. ანტიკური პერიოდისათვის (ძველი წელთაღრიცხვის მესამე და ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეები) კი საკმაოდ განვითარებული ჩანს ვაჭრობა და ხელოსნობა, რომლის ცენტრებსაც წარმოადგენდნენ ძველი ქალაქები: ციხურა, ძევრი, ჩხარი, უფრო მოგვიანებით კი მათ რიცხვს ჩიხორიც შეემატა.

თერჯოლის ისტორიულ წარსულში ორი ქალაქი ჩიხორი და ჩხარი დომინირებს. ეს ორი ქალაქი ისტორიული კოლხეთის, შემდეგ კი ეგრის-ლაზიკის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ როლს ასრულებდა.

აქ ხდებოდა ორი ქართული სამეფოს- იბერიისა და კოლხეთის კულტურულ-ეკონომიკური შეხვედრა, სწორედ ამ ფაქტმა მხარეს განსაკუთრებული თავისებურება შესძინა.

საქართველოს ისტორიაში კარგად არის ცნობილი V საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი სკანდას ციხე, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე. აქ გადიოდა დიდი სავაჭრო საქარავნო „აბრეშუმის გზა” (გზის ეს ნაწილი გადიოდა შემდეგ პუნქტებზე: ქუთაისი-სიმონეთი-ძევრი-ჩხარი-სკანდა-ჩიხორი-ქვაციხე-კორბოული), რომლის ადმინისტრაციული ერთეული გახლდა ჩხარი. იმდენად ცნობილი იყო ამ ქალაქის სახელი, რომ მისი ზეგავლენით მთელ მხარეს „ჩხარის ქვეყანასაც” უწოდებდნენ.

ჩხართან ერთად მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა ქალაქი ჩიხორი, რომელიც მდინარე ძუსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. აქ ფეოდალურ ხანაში განვითარებული იყო ვაჭრობა-ხელოსნობა.

ჩიხორის მიდამოებში 1463 წელს გაიმართა ბრძოლა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი მერვესა და მის წინააღმდეგ აჯანყებულ იმერეთის მეფე ბაგრატ მეექვსეს შორის. ისტორიულ წყაროებში ამ ბრძოლის შესახებ ვკითხულობთ: „ხოლო მეფე გიორგი და ბაგრატი ეწყუენენ ჩიხორს. ურთირთსა და ძლიერსა ბრძოლითა მოსწყდნენ მრავალნი იმერნი და ამერნი. შემდგომად იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა ქართლს, მაშინ ბაგრატ დაიპყრა იმერეთი, აღიღო ქუთათისი და ეკურთხა მუნ მეფედ”(ქართლის ცხოვრება).

XVI-XVII საუკუნეებში ქალაქებში მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მუდმივმა ომიანობამ და მისმა თანამგზავრმა ეპიდემიამ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურა. მემატიანე მოგვითხრობს, რომ XVII საუკუნეში ჩხარსა და ჩიხორში მოსახლეობა კატასტროფულად შემცირებულა. ეს მას შემდეგ მომხდარა, რაც ლევან მეორე დადიანმა (1611-1657 წწ) არაერთგზის დალაშქრა იმერეთი და კერძოდ ქალაქები: ჩხარი და ჩიხორი. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს სამეგრელოს მთავარმა გადაწვა ჩიხორი დაანგრია ჩხარი, მიწასთან გაასწორა სოფლები. 1646 წლის თებერვალში სამეგრელოს მთავარს ჩხარში მცხოვრები ვაჭრები აუყრია, 4-5 ათეული კომლი რუხს დაუსახლებია, რათა იქ ვაჭრობა განევითარებინა. ამ მოვლენამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩხარისა და ჩიხორის განვითარებაზე.

XVIII საუკუნის 30-იან წლებში დადიანის მიერ განადგურებული ეს ქალაქები აღდგნენ და კვლავ ქალაქებად ითვლებოდნენ.

იმერეთს, რომლის ნაწილს თერჯოლის რაიონი წარმოადგენს, ასე ახასიათებს ვახუშტი ბატონიშვილი: „ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ხილნი ტყეთა შინაცა მრავალნი, პირუტყვნი მრავალნი, ვენახი დაბლარნი და ღვინო კეთილი, კაცნი და ქალნი მშვენიერნი, …- მომჭირნე მუშაკნი, სტუმართ მოყვარულნი.”

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით აღმოსავლეთ საქართველო მეფის რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული. 1810 წელს სამეფო ხელისუფლება გაუქმდა იმერეთის სამეფოში. იმერეთის სტრატეგიულ პუნქტებში რუსული სამხედრო ნაწილები ჩააყენეს, 1810 წლის ივნისში მთელი იმერეთი აჯანყდა, 1810 წლის ბრძოლებისა და შემდგომი წლების სტიქიურ უბედურებათა შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა იმერეთის მეურნეობა და შემცირდა მოსახლეობა. 1819 წლის ივნისში იმერეთში მეორედ დაიწყო აჯანყება, ამ აჯანყების დროს ჩხარი, ისევე როგორც იმერეთის ბევრი სოფელი, დიდათ დაზარალდა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში დახვდა ჩხარი ფრანგ მოგზაურს გამბას 1823 წელს. იგი მოგვითხრობს: „1820 წელს ჩხარი შეიარაღებული აჯანყების კერას წარმოადგენდა. ჩხარის ეპისკოპოსი, რომელიც ამ მაზრაში სამოქალაქო და სასულიერო ხელისუფლებას ითავსებდა, ამ აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად ითვლებოდა, ამიტომ რუსმა ჯარისკაცებმა შური იძიეს ქალაქზე და გადაწვეს იგი. აქ ახლა მხოლოდ ასიოდე ხისგან ნაგები სახლია და 20-30 დუქნისაგან შემდგარი ბაზარი, სადაც ცოტაოდენი ცვილი, თაფლი, ტყავი, მარილი, ბეწვი და ჩვეულებრივი ტილო იყიდება” (გამბა, 1987 გვ.189).

XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ჩხარი ოლქის ცენტრია. იმერეთის მაზრებად დაყოფის შემდეგ, კი იგი შორაპნის მაზრას დაუქვემდებარეს რაიონის ცენტრის სტატუსით. 1886 წლის აღწერით ჩხარის რაიონში შედიოდა 28 სოფელი 4471 კომლითა და 28432 მცხოვრებით.

1929 წელს, მაზრების გაუქმების შემდეგ კი იგი კვლავ რაიონული ცენტრია, რომელიც ახალი ტერიტორიული მოწყობით აერთიანებდა 30 სოფელს და ერთ დაბას 7455 კომლითა და 38746 მცხოვრებით.

საქართველოს სსსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 1950 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით რაიონული ცენტრი თერჯოლაში გადაიტანეს და შესაბამისად რაიონს თერჯოლის რაიონი ეწოდა.

დღეისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში შედის 45 სოფელი და ერთი ქალაქი, რომელიც გაერთიანებულია 19 ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

 

ადგილმდებარეობა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში. ის ორი რელიეფური ზონისაგან შედგება: მთიანინაწილი(800 მ-მდე ზღვის დონიდან) და დაბლობი. ადმინისრტრაციული ცენტრია ქალაქი თერჯოლა, რომელიც მდებარეობ სზღვის დონიდან 170 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი. თერჯოლის მუნიციპალიტეტი დედაქალაქიდან 198 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ყველაზე ახლომდებარე რკინიგზის სადგურია ზესტაფონი, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უახლოესი აეროპორტი კოპიტნარია, რომელიც ქალაქ თერჯოლიდან 45 კილომეტრზე მდებარეობს. თერჯოლიდან 110 კილომეტრის დაშორებით კი ფოთის საზღვაო პორტი მდებარეობს.

მოსაზღვრე რაიონები: თერჯოლას დასავლეთით ესაზღვრება ქ. ქუთაისი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ზესტაფონის, ჩრდილოეთით ტყიბულის, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჭიათურის და სამხრეთით ბაღდათის რაიონები.

 

 

კლიმატი

თერჯოლა ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. მუნიციპალიტეტის დაბალმთიან და საშუალომთიან ადგილებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2, +5, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38 C, +40C. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9˚ C -დან 14,1˚ C -მდე. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ – 1350 მმ.

 

 

ფლორა და ფაუნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ფლორის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მცენარეული საფარი თერჯოლაში კოლხური ტიპისაა. ტყეები შემორჩენილია უმთავრესად ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უტყეო და დაუმუშავებელი ადგილები არგვეთის ქედის კალთებზე უკავია მდელოს, რომელიც სათიბ-საძოვრადაა გამოყენებული. აქ ვხვდებით მცენარეთა იმ სახეობებს, რომლებიც თერჯოლაში არსებული ბუნებრივი კლიმატური პირობების მსგავს გარემოში იზრდებიან: მუხას, წიფელს, ცაცხვს, კავკასიურ ძელქვას (როგორც ჩანს, თერჯოლის ტერიტორიაზე ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ამის დამადასტურებელია დრემდე შემონახული კორომები), წყავს, ბზას, ლიანებს, ტირიფს, მურყვანს, სოფელ გოგნში გავრცელებულია ხის უნიკალური ჯიში უთხოვარი.

თერჯოლა საინტერესოა ეკოტურიზმით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისათვის, რადგან აქ არის შემორჩენილი ჯერ კიდევ ხელუხლებელი ტყის მასივები. თერჯოლის ტყეებში ბინადრობს: მგელი, კავკასიური კვერნა, მაჩვი, ტურა, მგელი, კურდღელი, ტყის თაგვი, დედოფალა, იშვიათად წავი.

შიდა წყლები

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარეთა ხშირი ქსელია. მთავარი მდინარეა ყვირილა, რომელიც იმერეთის დაბლობს კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთით. მისი ყველაზე დიდი შენაკადია მარჯვნიდან–ჩოლაბური. ჩოლაბურს მარჯვნიდან უერთდება წყალუხვი მდინარე ძერული (ძევრულა). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ბუჯა,მაძარულა,ძუსა,ვარხმელა, ხმორდოლა, ჩხარა, ხაუჩა, ქვერუნა, როკიანისღელე, ჭიშურადაწყალწითელა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მდინარეები ძირითადად საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშაწყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირეობა – ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში. მდინარე ძევრულაზე აგებულია ჰესი, ნაწილობრივ გამოყენებულია სარწყავად.

 

Share page